saqarTvelos arxebi - axmaji-tez-okamis arxi

ტერიტორიული ერთეული კასპის და ახალგორის მუნიციპალიტეტები
სიგრძე 34,6 კმ

 

სარწყავი არხი საქართველოში, კასპისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. იწყება მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირიდან სოფელ ახმაჯის ჩრდილოეთით, მიემართება თეზი-ოკამის მიმართულებით, გრძელდება იგოეთისკენ და უერთდება მდ. ლეხურას. მიედინება თვითდინებით. ექსპლუატაციაში შევიდა 1956 წელს. სიგრძე 34,6 კმ, საშუალო ხარჯი 4,5 მ³/წმ. ასარწყავებს მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიული ორგანოს - ოკამის, სამთავისის, ლამისყანის და აღაიანის - 10 სოფელს, 4589 ჰა ფართობს. სოფელ ხვითთან წყალსატუმბით 805 მ სიმაღლეზე აყვანილია არხის განშტოება, რომელიც მიედინება მდინარეების ლეხურისა და ქსნის წყალგამყოფის სამხრეთ ფერდობზე და მიემართება სოფელ ქვემო ჭალისაკენ. მთავარი არხი გაივლის სოფლებს ლამისყანას, თეზს, ოკამს და იგოეთს. არხზე აგებულია ჰესი. 2010 წლის ივნისში რუსმა ოკუპანტებმა დროებით გადაკეტეს არხის სათავე ნაგებობა, რის შედეგადაც 10 სოფლის მოსახლეობა რწყვის პერიოდში წყლის გარეშე დარჩა. პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლებამ ალტერნატიული გზა გამონახა და სოფელ თვაურებში, მდინარე ქსნის ნაპირზე, მოეწყო სატუმბი სადგური, რომელიც 1,5 კმ სიგრძის, ორ მწკრივად ჩალაგებული 700 მმ დიამეტრის მილების მეშვეობით მდინარის წყალს სარწყავ არხში გადაიტანს. მოეწყო ტრანსფორმატორიც. 2014 წელს ახმაჯი-თეზ-ოკამის არხის სათავე ნაგებობა (სოფ. ახმაჯთან) საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაკეტა.